რითია გამორჩეული, ისტორიული მონაცემები
გელათის მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი . მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით წყაროზე დაშენებული სამრეკლო ქვის თაღოვანი ფანჩატურით XIII ს.) და გელათის აკადემიის შენობა.მთავარი ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, მდიდარია ფრესკული მხატვრობით. საკურთხევლის კონქში დაცულია გელათის მოზაიკა (ღვთისმშობელი ყრმით, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები), დასავლეთ სტოაში - XII ს-ის ფრესკა საეკლესიო კრების გამოსახულებით; სამხრეთ ეკვდერში საქართველოს მეფის დავით VI ნარინის (1246-1293) 2 პორტრეტია (სამეფო სამოსითა და ბერული ჩოხით); ჩრდილოეთ კედელზე ამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები (XVI ს), იქვეა დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) პორტრეტი, რესტავრირებული XVI ს-ში.გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაა (თვით საფლავი, სავარაუდოდ, ეკლესიაშია). საისტორიო წყაროების თანახმად, გელათი ერთიანი გელათი საქართველოს მეფეთა საძვალე იყო და XII-XIII სს-ის ყველა მეფე (დავით IV, დემეტრე I, გიორგი III, თამარი, გიორგი IV) და XVI-XIX სს-ის იმერეთის მეფენი (ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, ალექსანდრე V, სოლომონ I, უკანასკნელი ქართველი მეფე სოლომონ II) გელათში არიან დაკრძალულნი.გელათი სამეფო მონასტერი იყო XII-XV სს-ში და უშუალოდ მეფეს და მწიგნობართუხუცესს (პირველ მინისტრს) ექვემდებარებოდა. გელათის აკადემიის რექტორი ანუ მოძღვართმოძღვარი სამეფო კარზე მაღალი რანგის ფიგურად ითვლებოდა და თითქმის კათოლიკოსს უტოლდებოდა. მონასტრის უფროსი მონაზვნები სამეფო დარბაზის წევრები იყვნენ.XVI ს-ის 20-იან წლებში გელათში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა; ხოლო XVI ს-ის ბოლოს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან უფრო უსაფრთხო გელათში გადაიტანეს.
გელათში სხვადასხვა დროს ინახებოდა ქართულ ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექცია, ეროვნული საგანძური (ხახულის ღვთისმშობლის ხატი). 1923 წელს ბოლშევიკებმა მონასტერი დახურეს. მისი განახლება 1990 წელს მოხდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში შედის გელათის აკადემია - შუა საუკუნეების საქართველოში განათლების უმთავრესი ცენტრი. თანამედროვენი აკადემიას იერუსალიმსა და ათენს ადარებდნენ, ვინაიდან აქ სასწავლო პროცესში შერწყმული იყო ანტიკური და ქრისტიანული მეცნიერების ტრადიციები. აკადემიაში სწავლებასთან ერთად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი და სამეცნიერო საქმიანობა, იქმნებოდა ორიგინალური თხზულებები.
ერთი ასეთი
ლეგენდაა შემონახული გელათის მშენებლობასთან დაკავშირებითაც.
ამ ხალხური თქმულებით, დავით აღმაშენებელს სამი ეკლესიის ბალავარი ერთდროულად ჩაუსხამს გელათში, მარტვილსა და სუჯუნაში. ეშმაკს უფლის სახლების აღშენებისთვის ხელის შეშლა მოუწადინებია და რამდენჯერაც ამოუყვანიათ ტაძრების კედლები, იმდენჯერ დაუგრევია ისინი ღამით. ასე რომ, კედლები ბალავერს ვერა და ვერ ააშორეს თურმე.
დავით მეფეს
გადაუწყვეტია, რადაც უნდა დაჯდომოდა, ხელთ ეგდო ეშმაკი. აუღია ჯამი, აუვსია წყლით და
დაუდგამს ბალავრის მახლობლად, თვითონ კი კუთხეში ჩასაფრებია უკეთურს.
კარგად რომ
დაბნელებულა, წყეულიც გამოჩენილა და საქმეს შედგომია. მერე უცბად წყლიანი ჯამი შეუნიშნავს
და მისულა. დავითს დრო უხელთია, სამალავიდან გამოვარდნილა და ხელი უტაცია. ეშმაკი ჯორად
გადაქცეულა, მაგრამ მეფე არ დაბნეულა, ამოუდია რკინის ლაგამი და ზურგზე მოხტომია უწმინდურს.
ჰოდა, იმ დღიდან
ჯორს აღარ იშორებდა მეფე. შეჯდებოდა ჯორ-ეშმაკზე თურმე დავითი, ერთ ქვას რომ გელათის
ტაძართან აიტანდა, მეორეს მარტვილში მიაქროლებდა და მესამეს — სუჯუნაში.
ერთხელაც გელათიდან
მარტვილს მიმავალი დავითის ჯორს ჩუნეშში, ერთ კლდეზე ავჟანდი გაწყდომია. ჩამომხტარა
მეფე, თავისი ხელით გაუკერავს ის და სამახსოვროდ იმ ადგილას ტაძრის აშენება უბრძანებია.
ეს ტაძარი დღეს აღარ არსებობს, დანგრეულია, მაგრამ იმ ადგილს დღემდე ავჟანდ-ნაკერს
ეძახის ხალხი.
ამბობენ, ჯორ-ეშმაკი
გელათის მონასტრის აგების შემდეგაც ემსახურებოდაო დავითს და ცუდ გზაზე, სადაც მათრახი
მოხვდებოდა ხოლმე, ჯორი ისეთი სიმწრით ადგამდა ფეხს, რომ ყველგან კვალს ტოვებდაო. ჰოდა,
იმერეთში, ერთ კლდეზე დღესაც არის შემორჩენილი ნიშანი, რომელსაც „ჯორის კვალს“ ან
„ეშმაკის ნაფეხურს“ ეძახიან.
აღმაშენებელი
ჯორს თავისი ხელით უვლიდა, თვითონ დაჰყავდა წყლის დასალევად და საძოვრად, სხვას არ
ენდობოდა — ეშმაკია, მოატყუებს და გაექცევაო. მაგრამ ერთხელ, მოუცლელობის გამო, დავითს
მეჯინიბისთვის დაუვალებია ჯორის დასარწყულებლად წაყვანა. თანაც გაუფრთხილებია, არამც
და არამც აღვირი არ წაჰყაროო.
მიუყვანია
მეჯინიბეს ჯორ-ეშმაკი წყაროსთან. იმასაც დაუყნოსავს წყალი, მერე თავი მაღლა აუღია და
მოჰყოლია ფრთხვენასა და წიხლების სროლას. მეჯინიბეს უფიქრია, საწყალს ეტყობა აღვირი
უშლის ხელსო და წაუყრია იგი ჯორისთვის. გახარებული ეშმაკიც წყაროში ჩამხტარა და გაუჩინარებულა.
გელათის მონატრის
აგებაზე მეფე დავითს დიდი შრომა გაუწევია. წყალწითელადან თავისი ხელით ამოუტანია ორი
უზარმაზარი ქვა, რომლებიც ტაძრის კედლებშია დატანებული.
ერთ დღესაც
„გალავნისდაღმა გარდმოვარდა“ თურმე მეფე. დაახვიეს თავს აქიმები დავითს, „სამას და
ხუთი აქიმი მოასხეს და ვერა უშველეს“ მაინც.
ბოლოს ერთი
მკურნალი გამოჩენილა და უთქვამს, ირმის რძეში ჩაწვენაა მეფის წამალი, სხვა არაფრით
ეშველებაო.
დატრიალებულან ნაზირ-ვეზირები, ცას და მიწას მოსდებიან
ირმის რძის საშოვნელად. ერთ კაცს უთქვამს ბოლოს, ავშანდაძეს ჰყავს თორმეტი ფური ირმის
მეწველი, სხვა „ქვეყანასა ზედა“ არ იშოვებოდა თურმე. ეს ავშანდაძე დარუბანდიდან ყოფილა
გადმოსული, დიდ-ნამსახური მეფისა.
„მოიღო ავშანდაძემან
რძე, იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმაშენებელი“.
საინტერესოა
ის ფაქტიც, რომ მეფე დავით აღმაშნებელი არ არის დაკრძალული შემოსასვლელში. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მეფე არ გადააბიჯებინებდა
ამდენ ადამიანს თავის საფლავზე. გელათის მონასტერში
არის დავით აღმაშენელის ფრესკა, რომლის პირდაპირაც, მის ქვემოთ არის ზუსტად იმავე ზომს
ქვა იატაკში, რაც არის გელათის შემსასვლელში.სწორედ ამიტომ ვარაუდობენ მკვლევრები მეფის
საფლავის ადგილსამყოფელს.
ანა სოფრომაძე
ნათია ნოდია
Комментарии
Отправить комментарий