ძეგლზე არსებული წარწერები
გელათის მონასტერში არსებული წარწერები ძირითადად ინფორმაციული ხასიათისაა და გვამცნობს როდის ან ვინ შექმნა ესა თუ ის მოხატულობა და მინაშენი. ასევე აქ გვხვდება დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე არსებული წარწერა, რომელიც განთავსებულია მონასტრის შემოსასვლელ ჭიშკარში, საფლავის ქვას კი იმგვარი მდებარეობა აქვს, რომ ჭიშკარში შემსვლელი უთუოდ მასზე გადაივლის. ხალხური გადმოცემით, ასეთი ადგილი თითქოს განგებ აირჩია დავითმა თავმდაბლობის გამოსახატავად. რასაც ადასტურებს საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ფსალმუნის სიტყვები: „ ქრისტე, ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, (რამეთუ მთნავს ესე), ამასა დავემკვიდრო მე.“ ასევე ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო და დასავლეთ მკლავებს შორის არის იმერეთის მეფის სოლომონ პირველის საფლავი ეპიტაპიურთ. წარწერა საკმაოდ გვიან პერიოდშია შესრულებული.
წარწერები გვხვდება ასევე გელათის ჭიშკარის რკინის კარზე, რომელიც მეფე დემეტრე პირველს, დავით
აღმაშენებლის შვილს, 1138-1139 წელს ქ. განჯის აღების შემდეგ ქალაქისთვის მოუხსნია
და აქ მოუტანია, როგორც ნადავლი ამჟამად განჯის კარებიდან გადარჩენილია მხოლოდ ცალი
კარი, რომელზედაც ამოჭედილია შემკვეთისა და გამკეთებელი ოსტატის ვინაობის, აგრეთვე
თარიღის (1063წ.) აღმნიშვნელი არაბული წარწერა. მეორე ცალი კარი, მეთვრამეტე საუკუნეში
სალურსმნე მასალად გამოუყენებიათ, მისგან დარჩენილია მხოლოდ წარწერიანი დაზიანებული
ფურცლები.
წარწერას ვხვდებით წმ. გიორგის
ეკლესიის კედლის მხატვრობაზე, რომელიც შესრულებულია დასავლეთ საქართველოს კათალიკოს
ევდემონ ჩხეტიძის შეკვეთით, რასაც ამავე ეკლესიის გუმბათის შუბლზე დასავლეთით მოთავსებული
წარწერა გვამცნობს. ეს ევდემონი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დახატულია ღვთისმშობლის ეკლესიაშიც.
იგი დასაფლავებულია ამავე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიში. ხოლო გუმბათის ყელში, სარკმლებს
შორის მოთავსებულ არეებზე გამოსახულია ებრაელთა მეფეები დავითი და სოლომონი.მათ ქვემოთ
კი ქართული წარწერები რომლებიდანაც ვგებულობთ, რომ ტაძრის ამ ნაწილის მხატვრობის შემსრულებელი
ოსტატები ყოფილან სვიმონი და მისი მოწაფე თევდორე. გუმბათის შუბლზე ასევე მოთავსებულია
საღვთისმეტყველო წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე
სამხრეთის კედელთან,სალაროს წინ ჩვენ ვხვდებით XIX საუკუნის მოღვაწის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ(გერასიმე) ქიქოძის საფლავს, საფლავის ქვაზე კუთხეებში დაკრულია ლითონის წარწერიანი ოვალური ფირფიტები. წარწერაში ვრცლადაა გადმოცემული დაბადების, მოღვაწეობისა და გარდაცვალების თარიღები. ჩრდილოეთის კარიბჭის კარის თაღზე არის წარწერა, საიდანაც ვგებულობთ, რომ გელათის მთავარეპისკოპოსს ანტონს მოუხატვინებია კარიბჭე იმერეთის მეფის გიორგის (1565-1584წწ.) დროს. ანტონ მაწყვერელს გელათის კათედრა ეკავა 1565 წლიდან, რადგან პოლიტიკური მდგომარეობის გართულების გამო მოუწია აწყურის (სამცხე-საათაბაგო) დატოვება და იმერეთში გადასვლა. ასევე გელათის მონასტერში ზეპირი გადმოცემის მიხედვით თამარ მეფეა (1184-1213წწ.) დასაფლავებული. თამარის თანამედროვე ისტორიკოსებიც ერთხმად მიუთითებენ გელათში თამარის დასაფლავების შესახებ, მაგრამ საფლავის ადგილმდებარეობა მათ, როგორც ჩვეულებრიც, ნახსენები არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ გელათში, სამხრეთის კედელზე, იმ ქვაზე, რომელიც ლეგენდის მიხედვით, დავითის მიერაა ჩამოტანილი, არის გამოხატული მზის საათი. გელათის მონასტრში ადასტურებენ, რომ საათი დღესაც მოქმედი და ზუსტია, რაც განსაკუთრებით ზაფხულშია თვალშისაცემი.
თამარ კაპანაძე
ლუკა ძოწენიძე
Комментарии
Отправить комментарий